სურაჯ გასანოვი - საქართველო ჩემი სამშობლოა.

სურაჯ გასანოვი - საქართველო ჩემი სამშობლოა.

"სართველოში მინდა ჩამოსვლა, მოქალაქეობის მიღებას ვაპირებ,“ – გვითხრა სურაჯ გასანოვმა. სურაჯი ინგილო სპორტსმენია, რომელიც რუსეთში, ქალაქ ეკატერინბურგში, რუსი მეტოქის დამარცხების შემდეგ არენაზე საქართველოს დროშით გამოვიდა, კამერებს კი ჩასძახა: „გაუმარჯოს საქართველოს“

 

„საინტერესოა, რატომ დარბის საქართველოს დროშით? სახელი და გვარი ქართული არ აქვს, ალბათ საქართველოში დაიბადა,“ – იკითხა რუსმა კომენტატორმა პირდაპირ ეთერში.

 

სურაჯ გასანოვი საინგილოში დაიბადა. მისი ქართული გვარი ფოლადაშვილია. „შვიდ წლამდე საინგილოში ვიზრდებოდი, ბეალქანში, სოფელ ითითალაში. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ვცხოვრობთ. ოჯახში ქართულად მელაპარაკებოდნენ, აქედან ვიცი ქართული, კარგად არა, მაგრამ ვლაპარაკობ. შემდეგ რუსეთში წავედით საცხოვრებლად,…“ – გვიყვება სურაჯი.

 

სურაჯ გასანოვი ეკატერინბურგში მწვრთნელადაც მუშაობს, ბავშვებს ასწავლის. სხვადასხვა შეჯიბრზე ქართული დროშით არაერთხელ გამოსულა. „ამას საქართველოსთვის ვაკეთებ… ბევრი მეგობარი მყავს, ნათესავები. მინდა, საქართველოს წარმატება ვუსურვო,“ – ამბობს სურაჯი.

 

სურაჯ გასანოვი ამბობს, რომ თითქმის ყოველ წელს ჩამოდის საქართველოში.

 

„საქართველოში ყველგან ვარ ნამყოფი – თბილისში, ბათუმში, ნათესავები და მეგობრები მყავს ბევრი. ჩემი მშობლებიც ხშირად ჩამოდიან, უფრო მამა, დედა დიდი ხანია არ ყოფილა. მე ვფიქრობთ, რომ სამშობლოში ხშირად უნდა ჩახვიდე“, – ამბობს ის.

 

რას ფიქრობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე? – სურაჯი კითხვას მოკლედ პასუხობს: „პოლიტიკაში არ ვერევი. რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ მომავალში საქართველოში უნდა ჩამოვიდე და განცხადება შევიტანო მოქალაქეობაზე. როგორც ვიცი, ორმაგი მოქალაქეობა შეიძლება და ეს ძალიან მახარებს. რატომ მინდა საქართველოს მოქალაქეობა? იმიტომ, რომ ჩემი სამშობლოა“.

 

„ყველა მაისურზე ქართულად მიწერია – „ჩემი საინგილო,“ – გვითხრა მან

Hot News